ალექსანდრე თვალჭრელიძე (დ. 19 ნოემბერი/1 დეკემბერი, 1881, სტანიცა ბატალპაშინსკაია (ახლანდელი ქალაქი ჩერკესკი) — გ. 29 ივლისი, 1957, თბილისი)
1912 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1910 წელს ზაფხულში სტაჟირებას გადიოდა გეტინგენის უნივერსიტეტში. 1912–1913 წწ. მუშაობდა პეტერბურგში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოქიმიის ლაბორატორიაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ვლადიმერ ვერნადსკი, ხოლო შემდეგ (1919 წლამდე) დონის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
1919 წლიდან თვალჭრელიძე სათავეში ჩაუდგა თსუ–ს მინერალოგია–პეტროგრაფიის კათედრას. 1928–1948 წლებში ასეთივე პროფილის კათედრის გამგეა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა მინერალური ნედლეულის საკავშირო საქართველოს ფილიალს (ახლანდელი ა. თვალჭრელიძის სახ. მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი).
1941 წლის თებერვალში, იმ წელს როცა ალექსანდრე თვალჭრელიძეს 60 წელი უნდა შესრულებოდა იგი საქართველოს სხვა მოწინავე მეცნიერებებთან ერთად, აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა მისმა დიდმა მასწავლებელმა აკადემიკოსმა ვლადიმერ ვერნადსკიმ. 1941 წლიდან თავჯდომარეობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საწარმოო ძალთა შემსწავლელ საბჭოს, სადაც მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მომზადდა მრავალტომიანი მონოგრაფია საქართველოს სსრ ბუნებრივი რესურსების შესახებ. 1941-1947 წწ. იგი ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტის მინერალოგიის სექტორს.
ალექსანდრე თვალჭრელიძე საქართველოში მინერალურ–პეტროგრაფიულ კვლევათა ფუძემდებელია.
1947 წელს უმაღლესი საატესტაციო კომისია მას დისერტაციის დაუცველად, თბილისის უნივერსიტეტის საბჭოს წარდგინებით, ანიჭებს გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს. ა. თვალჭრელიძის შრომათა დახასიათება თბილისში გამოაგზავნა ცნობილმა გეოლოგმა ალექსანდრე ფერსმანმა.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მასთან ერთად დაკრძალულია გეოლოგი, აკადემიკოსი – გიორგი თვალჭრელიძე (1915-1991).

