ალექსანდრე ჭავჭავაძე (დ. 1786, რუსეთი, პეტერბურგი — გ. 6 ნოემბერი, 1846, საქართველო, თბილისი)
პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი.
1808 წ. ალ. ჭავჭავაძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი და იმავე წლის 19 დეკემბერს მიიღო პოდპორუჩიკობა. პაჟთა კორპუსის დამთავრების შემდეგ ალ. ჭავჭავაძე დიდ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს.
სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ. ჭავჭავაძის ოჯახი მაშინდელი საქართველოს მოწინავე აზრისა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი კერაც იყო. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უხდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ალ. ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას.
ალექსანდრე ჭავჭავაძე ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია.
1846 წ. 18 ნოემბერს (ძვ. სტ.). დღის პირველ საათზე სახლიდან ახალი გამოსული ალ. ჭავჭავაძე ეტლით მიემგზავრებოდა; მოულოდნელად ცხენები დაფრთხა, პოეტი შეეცადა მეეტლეს მიშველებოდა, ამასობაში პალტოს კალთა ეტლის თვალში მოჰყვა, იგი გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა, მეორე დღეს; დილის ცხრა საათზე, ალ. ჭავჭავაძე გარდაიცვალა.
ალ. ჭავჭავაძე დასაფლავებულია კახეთში, შუამთის მონასტერში.

