ღირსი მამა მღვდელმონაზონი ალექსი შუშანია (დ. 23 სექტემბერი, 1852, ნოქალაქევი — გ. 31 იანვარი, 1923)
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 31 იანვარი (ძვ. სტ. 18 იანვარი).
1868 წელს ალექსი იერუსალიმში გაემგზავრა და იქაური სიწმინდეები მოილოცა, შემდეგ კი კონსტანტინეპოლში ჩავიდა ბიძასთან, შინ დაბრუნებულმა ალექსიმ ოჯახს განუცხადა, რომ ბერად აღკვეცის აღთქმა დადო. დაახლოებით 1885 წელს ალექსი შუშანია დაემკვიდრა გელათის მონასტერში, სადაც მრავალი საღვთო წიგნი შეისწავლა და გადაწერა. 1886 წელს იგი გადაყვანილ იქნა დიაკვნად, ხოლო 1888 წელს კი – მღვდელ-მონაზვნად. 1898 წლიდან ალექსი ბერმა დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. სენაკში მას ჰქონდა კაცის სიმაღლის ხის ჯვარი, რომელსაც ლოცვის დროს ზურგით იპყრობდა ხოლმე, რადგანაც, როგორც თვითონ ამბობდა, ჯვრის ასე პყრობა გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს აგონებდა. მნახველთა მისაღებად მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდიოდა. ხანგრძლივი მოღვაწეობით დამაშვრალი ბერი 1923 წლის 18 (31) იანვარს მიიცვალა. გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში ალექსი ბერი ყოველდღე ეცხადებოდა სქემმონაზონ ფასტოს, რომელიც თავის დასთან, სქემოსან აკეფსიმასთან ერთად მამა ალექსის სავანეში დარჩა სამოღვაწეოდ.
1960 წლის 8 იანვარს ფასტომ და აკეფსიმამ იმჟამად ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის ლოცვა-კურთხევით მამა ალექსის უხრწნელი გვამი თეკლათის დედათა მონასტრიდან თავის სავანეში გადაასვენეს და დაკრძალეს ტაძრის აღმოსავლეთის კედლის მახლობლად.

