ალექსანდრე ამილახვარი (1879-1968) – პოლკოვნიკი, დრაგუნთა ქართული პოლკის მეთაური, თავადი. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, 1901 წელს კი პაჟთა კორპუსი. იყო მისმიერვე ჩამოყალიბებული დრაგუნთა ქართული პოლკის მეთაური. 1914 –1916 წლებში მსახურობდა ე.წ. „ველურ დივიზიაში.“ დონის კაზაკებთან ერთად ებრძოდა ბოლშევიკებს. 1917 წლის სექტემბრიდან თბილისში მოღვაწეობს. გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაშია, ჯერ სტამბულში, შემდეგ პარიზში. თანამშრომლობდა ემიგრაციულ პრესასთან, 1924 წელს სხვებთან ერთად აარსებს „ოქროს საწმისს“, 1926 წლიდან „პრომეთეისტული“ მოძრაობის წევრია. ელიზბარ ვაჩნაძესთან, მერაბ ჯორჯაძესა და ნიკოლოზ ჩქოტუასთან ერთად ებრძოდა კომუნისტებს გენერალ ფრანკოს მხარეზე ესპანეთში. (1937 წელს ესპანეთში მძიმედ დაჭრილი იტალიის ტახტის მემკვიდრე, გაეტან დე ბურბონი, ალექსანდრე ამილახვარს გადაურჩენია და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ესპანეთიდან იტალიაში ჩაუყვანია). 1945 წლიდან 1954 წლამდე ცხოვრობდა პერუში, 1957 წლიდან – ა.შ.შ.–შია; იყო ნიუ–იორკის ინვალიდთა კავშირის თავმჯდომარე. გარდაიცვალა 1968 წლის 21 აგვისტოს, ნიუ–იორკში. დაკრძალულია ნოვო–დივეევოს (Ново–дивеевский ) რუსულ მონასტერში, ნიუ–იორკში.

