ალექსანდრე ბარამიძე (დ. 27 მარტი/9 აპრილი, 1902, სოფ. ჯუნჯუათი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ― გ. 30 დეკემბერი, 1994, თბილისი)
ლიტერატურათმცოდნე. ფილოლოგიის მეცნიერების დოქტორი (1936), პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966).
1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. 1962-1970 წლებში იყო თსუ-ის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, 1966 წლიდან – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი. მეცნიერული მოღვაწეობა დაიწყო 1925 წლიდან. მისი კვლევის ობიექტი იყო უპირატესად XI-XVIII საუკუნეების ქართული საერო მწერლობა.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

