ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძე (დ. 20 თებერვალი, 1899, ხრეითი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 12 ოქტომბერი 1945, მწვ. უშბა, დაკრძ. თბილისში, ვერის ბაღში)
ქართველი სპორტსმენი, ალპინისტი, მთამსვლელობის ორგანიზატორი და საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1936), ქართული ალპინისტური სკოლის შემქმნელი. სსრკ სპორტის ოსტატი (1934), სპორტის დამსახურებული ოსტატი (1941)
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრო-მექანიკის ფაკულტეტი. შესრულებული აქვს ასზე მეტი ასვლა პამირისა და კავკასიონის მწვერვალებზე. საეტაპო და მნიშვნელოვანი იყო მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული პირველი ასვლები თეთნულდზე (1930), უშბაზე (1934), უსახელო მწვერვალზე პამირში (1936), ცენტრალური კავკასიონის მცირე (1938) და დიდი ტრავერსი (1940), ასვლები ახალი გზით მყინვარწვერზე (1931), 1943 წლის ზამთრის ასვლა უშბაზე.
პირველმა შეისწავლა და გამოიკვლია ხვამლის, ორხვის, ორპირის, ტვიშის, შიომღვიმისა და უფლისციხის გამოქვაბულები, კაცხის სვეტი. 1936-1940 და 1943-1945 წლებში იყო საქართველოს ალპური კლუბის თავმჯდომარე. ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი სახელი მიენიჭა მის მიერ დაარსებულ საქართველოს ალპურ კლუბს (1945), მწვერვალებს პამირსა და კავკასიონზე, სოფელ ხრეითში, მამაპაპეულ სახლში გახსნილია მთამსვლელ ჯაფარიძეთა მემორიალური სახლ-მუზეუმი (1983).
დაკრძალულია ვერის ბაღში. მასთან ერთად განისვენებენ – ალექსანდრა ჯაფარიძე (1895-1974) – პირველი ქართველი მთამსვლელი ქალი. ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1923), საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1936), სპორტის ოსტატი (1940), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1945), მთამსვლელობის უფროსი ინსტრუქტორი (1931), საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე (1954), საკავშირო კატეგორიის მსაჯი (1960), საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1962). სიმონ ჯაფარიძე (1896-1929) – ალპინისტი, გეოლოგი, ლოპოტის თეთრი მარმარილოს საბადოს აღმომჩენი, ქართული მთამსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი და თვალსაჩინო წარმომადგენელი.
