კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე (ალიოშა) წერეთელი (დ. 1 ნოემბერი, 1889, სოფელი ცხრუკვეთი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) — გ. 29 მარტი, 1967, თბილისი)
ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ძველი მსოფლიოს ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის თვალსაჩინო წევრი. 1917-1919 წლებში არჩეული იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტს. 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის ამხანაგი (მოადგილე).
ხარკოვის უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ალექსანდრე წერეთელი სამშობლოში დაბრუნდა და შეუდგა აქტიურ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. 1915-1918 წლებში იგი ძველი მსოფლიოს და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად ქართული ეროვნული განათლების უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენდა. აქ მოღვაწეობდნენ ქართული პედაგოგიური აზრის წარმომადგენლები იოსებ ოცხელი და სილოვან ხუნდაძე. გარდა ამისა, ალ. წერეთელი ლექციებს კითხულობდა ქუთაისის ცნობილ სახალხო უნივერსიტეტში. მისი ნარკვევები და სტატიები ხშირად იბეჭდებოდა ქუთათურ პერიოდულ პრესაში. 1918 წელს ქუთაისში გამოიცა მისი სახელმძღვანელო “ძველი ისტორია”. იმავე წელს აირჩიეს საქართველოს მწერალთა ახლადდაარსებული კავშირის წევრად.
ალ. წერეთელმა მნიშვნელოვანი ამაგი დასდო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) დაფუძნების საქმეს: 1917-1918 წლებში იგი იყო თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. უნივერსიტეტის დაარსებისთანავე იგი მიღებულ იქნა მის ასპირანტად.
დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments