კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ანატოლი კალგინი (1875-1943) – ცნობილი ხუროთმოძღვარი. დაიბადა კავკავში, აქვე დაამთავრა საშუალო სასწავლებელი. სპეციალური განათლება მიიღო პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტში, რომლის კურსიც 1900 წ. დაასრულა. ამის შემდეგ კვლავ კავკასიას დაუბრუნდა და აქვე ცხოვრობდა გარდაცვალებამდე. ჯერ პიატიგორსკში მუშაობდა არქიტექტურის თანაშემწედ სააბაზანო ნაგებობათა მშენებლობაზე, 1901-1905 წწ. ბაქოში გაატარა, 1905-1907 წწ. დაწყებით დაპროექტებას ასწავლიდა მოსკოვის სტროგანოვის სასწავლებელში, 1907 წლიდან კი თბილისში დამკვიდრდა. მან იმთავითვე მჭიდროდ დაუკავშირა თავისი მოღვაწეობა ქართულ კულტურულ-სამეცნიერო საქმიანობას. ჯერ კიდევ მანამდე, მან საკუთარი ინიციატივით იმოგზაურა საქართველოსა და სომხეთში, გაზომა ფიტარეთისა და ბოლნისის ტაძრები. 1907 წ., თბილისში დასახლების წელსვე, მონაწილეობა მიიღო ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციაში არტაანის, ოლთისისა და ყაღიზიანის ოლქებში. მან გაზომა მნიშვნელოვანი ძეგლები, რომლებიც არც მანამდის და არც შემდეგ არავის არ გაუზომავს: ტაოსკარის, კალმახის, ბობოსგირის, კერკლუხის, ეინეპოსის ეკლესიები, ოლთისის ეკლესია და ციხის მღვიმეთა დარბაზები, ფანასკერტის ციხე, ჩანგლოს დიდი ტაძარი და სხვ… მთავარი იმ წელს გაზომილ ტაძართა შორის – ბანას ცნობილი ტაძარი იყო. კალგინის შემოქმედებითმა და პედაგოგიურმა მუშაობამ საპატიო ადგილი დაიმკვიდრა ქართული საბჭოთა არქიტექტურის განვითარებაშიაც (საბჭოთა წლებში მისი უმთავრესი ნაწარმოები იყო ზაჰესის ხუროთმოძღვრული კომპლექსი). 1922-30 წწ. კალგინი თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორად იყო, 1930-დან გარდაცვალებამდე – ინდუსტრიული ინსტიტუტისა. იგი არქიტექტურის ფაკულტეტებზე სპეციალურ საგნებს ასწავლიდა. გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს ტაძრის გალავანში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments