ანდრია ბალანჩივაძე (დ. 1 ივნისი [ძვ. სტ. 19 მაისი], 1906, პეტერბურგი — გ. 28 აპრილი, 1992, თბილისი) – კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს (1957) და სსრკ (1968) სახალხო არტისტი. ახალი ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი. ბალანჩივაძე ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გამოვიდა სამოღვაწეო ასპარეზზე. 1925—1927 მუშაობდა სამუსიკო ნაწილის გამგეგ თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში, 1935—1937 — მუსიკალურ მუშფაკში. 1937-იდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგი იყო. 1941—1949 იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის დაარსებიდან (1932) — მისი გამგეობის წევრი და შემოქმედებითი და საოპერო-სიმფონიური სექციების თავმჯდომარე, 1953—1961 და 1968—1973 — გამგეობის თავმჯდომარე, 1973—1979 — საპატიო თავმჯდომარე. 1957—1991 იყო ყოფილი სსრკ კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

