ანდრია ღვამიჩავა (1900-1983) –
ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1929 წელს. 1955 წლიდან იყო რესპუბლიკის ონკოლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი; 1958-1973წწ. – ონკოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. შეისწავლიდა თავის ტვინის ტრავმულ დაზიანებას, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის, დამწვრობით გამოწვეული დაზიანების, ძვლების მოტეხილობის მკურნალობის საკითხებს. ავტორია მრავალი ნაშრომისა. აღსანიშნავია მონოგრაფიები: “ავთვისებიანი სიმსივნეების კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა”, “კლინიკური ონკოლოგია”, სახელმძღვანელო ონკოლოგიაში ქართულ ენაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 1993 წლიდან ღვამიჩავას სახელს ატარებს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
