კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ანდრია რაზმაძე (12 აგვისტო, 1889, ჩხენიში, საქართველო – 2 ოქტომბერი 1929, თბილისი) – მათემატიკოსი, საქართველოში მათემატიკური კვლევის პიონერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამაარსებელი. მუშაობდა ვარიაციულ აღრიცხვაში. მოსკოვის უნივერსიტეტში თავიდან თავისუფალ მსმენელად . ჩაირიცხა 1906 წელს, ხოლო 1907 წლის მაისში ლათინურის გამოცდაც ჩააბარა და იმავე წელს სტუდენტად გადაიყვანეს მათემატიკის სპეციალობაზე. ანდრია რაზმაძე აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის მუშაობაში. წაიკითხა რამდენიმე საინტერესო მოხსენება. 1910 წელს ვადაზე ადრე ჩააბარა სადიპლომო გამოცდების საგნები. დაწერა 170 გვერდიანი სადიპლომო ნაშრომი „რიცხვთა თეორიის კონსპექტი“ და პირველი ხარისხის დიპლომი მიანიჭეს. ქალაქ მურომში მასწავლებლობის დროს დაწერა და ევროპის ერთ-ერთ ცნობილ მათემატიკურ ჟურნალში გამოაქვეყნა გამოკვლევა ვარიაციულ აღრიცხვაზე. 1917 წელს მაგისტრის წოდება მიიღო, ხოლო იმავე წლის აპრილში – წმინდა მათემატიკის კათედრის პრივატ-დოცენტისა. აქვეყნებდა შრომებს საქართველოსა და საზღვარგარეთის (რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის) მთავარ ჟურნალებში და კონგრესის ანგარიშებში. აღსანიშნავია მისი მოხსენებები მათემატიკოსთა მსოფლიო კონგრესზე (ამერიკა, 1924 წელი), რუსეთის მათემატიკოსთა კონგრესზე (1926 წ.), მოსკოვის მათემატიკურ საზოგადოებაში (1928 წ.). ბოლო მოხსენება ეხებოდა ვარიაციათა აღრიცხვის გამოყენებას ზეციურ მექანიკაში. 1925 წელს იგი პარიზში ბრწყინვალედ იცავს სადოქტორო დისერტაციას. ანდრია რაზმაძე ამასთანავე, დიდი პატრიოტიზმითაც გამოირჩევა. იგი აქტიურად მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. ქართულ ენაზე პირველმა შეადგინა და გამოსცა მათემატიკის სახელმძღვანელოები. შექმნა ამ დარგის ქართული ტერმინოლოგია. ანდრია რაზმაძე ყველგან და ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ იყო საქართველოს, თბილისის უნივერსიტეტის წარმომადგენელი. მისი წინადადებით საქართველო მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა 1924 წელს მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესზე მაშინ, როცა ბევრი ცნობილი ქვეყანა ამ კავშირის წევრად ჩვენს შემდეგ მიიღეს. როდესაც ანდრია რაზმაძე 1929 წელს უცხოეთში ახალი მივლინებისათვის ემზადებოდა, მოულოდნელად გარდაიცვალა. იმ წელს ბაკურიანში წავიდა ოჯახთან ერთად, სადაც ავად გახდა. მალე თბილისში წამოიყვანეს. იგი რკინიგზის სადგურში, ვაგონში გარდაიცვალა. დაასაფლავეს დიდუბის პანთეონში. 1989 წელს მშობლიური უნივერსიტეტის ეზოში გადაასვენეს.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments