ანდრო ჟორდანია (დ. 29 დეკემბერი, 1904, თბილისი, – გ. 25 აპრილი, 1974, თბილისი) – ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1944), სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი (1960). კარიერის განმავლობაში ითამაშა თბილისის, დნეპროპეტროვსკის და ივანოვოს კლუბებში. იყო სსრკ-ს საფეხბურთო ჩემპიონატის პრიზიორი. ითამაშა თბილისის, საქართველოს, ამიერკავკასიის, უკრანინის, დნეპროპეტროვსკის და ივანოვოს ნაკრებებში. 1931 წელს გამოიძახეს საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებში. არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია თავდასხმაში, მაგრამ ძირითადად ცენტრალური ნახევარმცველის ფუნქციას ასრულებდა. სამწვრთნელო კარიერა დაიწყო ქალაქ ივანოვოში. იგი იყო მოთამაშე მწვრთნელი „ოსნოვაში“, რომლის შემადგენლობაში მან მოიგო რსფსრ-ს თასი 1940 წელს. იყო სამამულო ომის მონაწილე, სადაც დაიმსახურა მრავალი სამხედრო ჯილდო. ომის შემდეგ ჟორდანია არაერთხელ იყო თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი. მისი დახმარებით გუნდი გახდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სალიდერო ადგილის მფლობელი. მეტიც, მან სხვა ქართულ გუნდებსაც მოუტანა წარმატება, ისევე როგორც ივანოვოს „კრასნოე ზნამიას“, რომელიც მალე დააწინაურა “А” კლასში. იგი ავტორია წიგნისა „ფიქრები ქართულ ფეხბურთზე“. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

