აპოლონ შეროზია (1927-1981) –
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის განყოფილება 1951 წელს. 1955-1960წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტში; 1960-1981წწ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი სფეროა განწყობის ფსიქოლოგიური თეორიის ფილოსოფიური საფუძვლები, რომელსაც ორტომიანი გამოკვლევა მიუძღვნა. განწყობის თეორიის შუქზე იკვლევდა ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქიკურის ბუნებას, აჩვენებდა ძირეულ განსხვავებასა და დაპირისპირებას დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიასა და ფროიდის ფსიქოანალიზს შორის, შეიმუშავა ორიგინალური კონცეფცია ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქიკურის ერთიანობის შესახებ. ამ ასპექტში შეისწავლა პიროვნების ფსიქოლოგიური თეორია, რომლის მიხედვით ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქიკური ერთიან ადამიანურ ფსიქიკას ქმნის, რაც საფუძვლად უდევს პიროვნების მთლიანობას. იგი იკვლევდა XX საუკუნის პირველი მეოთხედის ქართული ფილოსოფიური აზროვნების ძირითად მიმართულებებს, რომელსაც მან სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

