არჩილ ჩხარტიშვილი (დ. 19 იანვარი [ძვ. სტ. 6 იანვარი], 1905, თბილისი — გ. 1980) – თეატრის რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი (1968). სკოლის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრში ჯერ სცენის მუშა იყო, ასრულებდა ეპიზოდურ როლებს, მონაწილეობდა მასობრივ სცენებში, შემდეგ გახდა რეჟისორის თანაშემწე. 1930 წელს გადავიდა ქუთაისის თეატრში. ამის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ჯერ ბათუმის, შემდეგ მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებს. 1934 წელს არჩილ ჩხარტიშვილი მიავლინეს ჩეჩნეთ-ინგუშეთში, სადაც ჩამოაყალიბა დრამატული დასი და საფუძველი ჩაუყარა პირველ ეროვნულ სახელმწიფო თეატრს. გამოჩენილ რეჟისორს დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე დაღესტნელებისა და სხვა ჩრდილოკავკასიელთა თეატრალური ხელოვნების განვითარებაში. სიცოცხლის ბოლო 10 წელი არჩილ ჩხარტიშვილი იყო საქართველოს ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მედეა ქორელი (1906-1976) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი.

