არჩილ მინდიაშვილი (დ. 1 მარტი, 1951, თბილისი, — გ. 2 აპრილი, 2020) – არქიტექტორი; საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის და საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს. არქიტექტორად მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში „საქსოფლმშენსახპროექტი“ (1973-1976) და „საქქალაქმშენსახპროექტი“ (1977-1991). 1991 წლიდან იყო საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრის მთავარი არქიტექტორი. თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტის კონკურსში (1989-1990) გამარჯვების შემდეგ დაინიშნა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის პროექტის მთავარ არქიტექტორად (1995) და ხელმძღვანელობდა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის აღმშენებლობის შემოქმედებით გაერთიანება „კათედრალს“ (1998 წლიდან). მის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებია: თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი (1995-2004), წმ. ილია თეზბიტელის ტაძარი და სამრეკლო (წმ. სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსში, 1998), პარიზის წმინდა მეფე თამარის სახელობის ახალი ქართული ტაძარი (2008-2009), ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი (მშენებლობა დაიწყო 2009) და სხვ. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ტაძრის ეზოში.

