არსენ შველაშვილი (დ. 30 მარტი, 1935, სოფ. ზემო ალვანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 1999)
ქიმიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997), ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის სპეციალობით 1958 წელს.
1958-1960 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1961-1965 წწ. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი და არაორგანუკლი ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1979 წწ. საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი. 1979 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის კომპლექსნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ამავე დროს – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოარაორგანული და ბიოფიზიკური ქიმიის კათედრის გამგე. 250-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 15-მდე ფუნდამენტური წიგნის ავტორი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

