კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

არტემ ერქომაიშვილი (დ. 26 ოქტომბერი, 1887, მაკვანეთი ― გ. 2 თებერვალი, 1967, მახარაძე) –
თვითნასწავლი კომპოზიტორი, ლოტბარი, მომღერალი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1951).
1896 წელს შეიყვანეს სოფლის სამკლასიან სკოლაში, რომელიც 1899 წელს დაამთავრა. ხელმოკლეობის გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო და სახლში დარჩა. 1908 წელს მან მელქისედეკ ნაკაშიძესთან დაიწყო საგალობლების შესწავლა. არტემი ნაკაშიძეს ნესტორ კონტრიძემ წარუდგინა 1908 წლის შობა დღეს, წირვის შემდეგ. ნაკაშიძეს მოეწონა ყმაწვილის ნიჭი და მის მამას, გიგო ერქომაიშვილს, თხოვა, მომეცი ეს ბიჭი, წავიყვან ოზურგეთში და გალობას უფასოდ ვასწავლიო. ერქომაიშვილმა ნაკაშიძისგან 1911 წლამდე 2000-მდე საგალობელი ისწავლა. 1911 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა, გაუშვეს სენაკის მაზრაში სიმღერა-გალობის სასწავლებლად. იქ ერქომაიშვილი დადიოდა სოფელ-სოფელ და ერთ სოფელში სამიდან ექვს თვემდე რჩებოდა. 1924 წელს გუნდმა თბილისში ფირფიტებზე ჩაწერა გურული ხალხური სიმღერები. იმავე წელს ბათუმის გუნდთან ერთად მონაწილეობდა გასტროლებში საქართველოს ქალაქებსა და ბაქოში. 1925 წლიდან ხელმძღვანელობდა ბათუმში სანაპიროს მტვირთავთა გუნდს. 1927 წელს არტემ ერქომაიშვილმა ქუთაისში ჩატარებულ I რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ბათუმის გუნდი გაიყვანა. ჟიურიმ გუნდს I ადგილი და უმაღლესი ჯილდო მიაკუთვნა. 1929 წელს გუნდი გამოვიდა თბილისში II რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე. ამის შემდეგ არტემ ერქომაიშვილის გუნდი მიიწვიეს ლენინგრადში, მოსკოვსა და ხარკოვში. გუნდის რეპერტუარის თვალსაჩინო ნიმუშები ჩაიწერეს ფონოგრაფზე და ინახება სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფინოგრამარქივში. 1930 წელს კი მონაწილეობა მიიღო თბილისში, რუსთაველის თეატრში გამართულ გამარჯვებული გუნდების კონცერტში.ამ წლიდან გუნდი ბათუმის ქალაქის საბჭოს განკარგულებაში გადავიდა. 1934 წელს ერქომაიშვილის გუნდი წარმატებით გამოვიდა თბილისში, ოპერის თეატრში ამიერკავკასიის ხალხთა ხელოვნების ოლიმპიადაზე. 1935 წელს მონაწილეობდა რადიოფესტივალის საკავშირო გადაცემაში. 1936 წლიდან ამ გუნდს „აჭარის სახელმწიფო ეთნოგრაფიული გუნდი“ ეწოდა. იგი 1937-38 წლებში წარსდგა მე-4 და მე-5 რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე. 1940 წელს გუნდმა კონცერტები გამართა საქართველოს სსრ-ს სხვადასხვა ქალაქებში. 1949 წელს გუნდი წარსდგა მე-6 რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე. 1950 წელს ვარლამ სიმონიშვილის გარდაცვალების შემდეგ არტემი მიიწვიეს მახარაძის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში ხელმძღვანელად. 1951 წელს ეს ანსამბლი ბრწყინვალედ გამოვიდა მე-7 რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე. 1951 წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1955 წელს სათავეში ჩაუდგა ლიხაურის მომღერალთა 40 კაციან გუნდს. 1966 წელს მან, როგორც საეკლესიო საგალობლების უკანასკნელმა მცოდნემ, კონსერვატორიაში 200-მდე საგალობელი ჩაწერა. ჩანაწერები დაცულია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორისტიკის კათედრის ლაბორატორიაში.
გარდაიცვალა 1967 წლის 2 თებერვალს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ მაკვანეთში.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments