ალექსანდრე (ახმედ) წუწუნავა (1914-1973)
თვალსაჩინო ქართველი ზღვაოსანი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი.
სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა 1929 წელს დაარსებულ ბათუმის საზღვაო ტექნიკუმში განაგრძო.
27 წლის ასაკში, სახელმწიფო გამოცდების ჩაბარებისთანავე სამამულო ომმა მოუსწრო და შავი ზღვის ფლოტში გაიწვიეს.
1941 წლის აგვისტოში ალექსანდრე წუწუნავა საბრძოლო-სადესანტო კატარღის მეთაურად დაინიშნა. პირველი საბრძოლო ნათლობა მან შავი ზღვის ცემესის ყურეში, ნოვოროსიისკის მისადგომებთან მიიღო… ალექსანდრე წუწუნავას მეთაურობით, 12 მებრძოლისაგან შემდგარმა კატარღის ეკიპაჟმა იმავე წლის ნოემბერში ჩატარებული საზღვაო-სადაზვერვო ოპერაციის შედეგად მოახერხა მტრის ჩანაფიქრის განეიტრალება, რამაც საშუალება მისცა სარდლობას წარმატებით განეხორციელებინა შემდგომი საბრძოლო-ტაქტიკური ჩანაფიქრი.
საბრძოლო კატარღას ალექსანდრე წუწუნავას მეთაურობით ომის მომდევნო წლებშიც სხვა არაერთი წარმატებული სადესანტო ოპერაცია აქვს ჩატარებული შავ ზღვაში შემოჭრილი გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ. ალექსანდრე წუწუნავა იბრძოდა ქერჩის, სევასტოპოლისა და ოდესის მისადგომებთან … ამ საბრძოლო წარმატებებმა კი იმთავითვე გაუთქვა სახელი ახალგაზრდა ქართველ მებრძოლსა და საზღვაო ოფიცერს, რაც სათანადოდ აღინიშნა კიდეც სამამულო ომის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებითა და რამოდენიმე(4) მედლით.
მტერთან ბრძოლაში გამოწრთობილი და დავაჟკაცებული ზღვაოსანის, ალექსანდრე წუწუნავას ცხოვრება ხანგრძლივი დროის მანძილზე ომის დამთავრების შემდგომაც სამხედრო-საზღვაო ფლოტში სამსახურს უკავშირდება.
1962 წლიდან კი იგი მშობლიურ ბათუმში მკვიდრდება და საქმიანობას ამჯერად თევზსაჭერ ფლოტში განაგრძობს. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ბატონი ალექსანდრე ბათუმის მეთევზეთა გაერთიანებას. უყვარდათ და დამსახურებულ პატივს სცემდნენ სამაგალითო ხელმძღვანელს, რადგან მასში ზღვაზე და საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებულ სანიმუშო ორგანიზატორს, გულღია ადამიანს, ღირსეულ პიროვნებასა და მოქალაქეს ხედავდნენ.
თვალსაჩინო ქართველი ზღვაოსანი ალექსანდრე (ახმედ) წუწუნავა გარდაიცვალა 1973 წლის 20 სექტემბერს, დაკრძალულია ბათუმში, განთიადის სასაფლაოზე.
ტექსტი და სურათი აღებულია ფეისბუკ გვერდიდან – საქართველო საზღვაო ქვეყანაა, ავტორი-პაატა ტაბაღუა, საფლავის სურათები გადაღებულია ჩვენს მიერ.

