ბარბარე ჯორჯაძე (1833-1895) –
მწერალი.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1858 წლიდან ჟურნალ “ცისკარში”. “მამებისა” და “შვილების” ბრძოლაში “მამების” პოზიციას იცავდა. იგი რომანტიკული სკოლის წარმომადგენელია. მოგვიანებით ქართველ სამოციანელთა შეხედულებებიც გაიზიარა (ლექსი “გაზაფხული” და სხვ.) წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პუბლიცისტურ წერილებს. მისი პოეზია გამსჭვალულია მოქალაქეობრივი ტკივილით, სამშობლოს სიყვარულით (“ლენქორანი”, “მოჩვენება”), ჩაგრულთა თანაგრძნობით (“თედორეს საჩივარი”), უსამართლო მოხელეთა სიძულვილით (“გამომძიებელს”, “რას იბღინძები”) და სხვ. დრამაში “შური”(1863) და კომედიაში “რას ვეძებდი და რა ვპოვე”(1865) მწერალი ამჟღავნებდა ინტერესს სოციალური პრობლემებისადმი, ცდილობდა რეალისტურად წარმოესახა იმდროინდელი საზოგადოების ურთიერთობანი, მაგრამ მაინც მამაპაპურ მყუდროებას შეჩვეული ქართველი თავადაზნაურობის პოზიციაზე დარჩა. მან ერთ წიგნად შეკრა და შთამომავლობას გადასცა ქართული სამზარეულოს მთელი საგანძური.
დაკრძალულია თელავში, ბატონის სასახლის ეზოში.

