ბენიამინ „ბენო“ გორდეზიანი (დ. 13 მარტი, 1894 — გ. 1975) – მხატვარი, მწერალი, პუბლიცისტი. მისსავე თქმით, იყო „ქართული ფუტურიზმის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი“. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია; წიგნის გაფორმების კურსები ლენინგრადში. მუშაობდა გამომცემლობა “სახელგამის” საქმეთა მმართველად, მხატვარ–რედაქტორად, მთავარ მხატვრად, სახვითი ხელოვნების განყოფილების გამგედ; 1947-1973წწ. ხელმძღვანელობდა ქართული შრიფტის ექსპერტიზის განყოფილებას; შექმნა მრავალი ახალი სახეობის ქართული შრიფტი; გამოსცა თეორიული ნაშრომები: “ქართული მხედრული შრიფტი”(1955), “ქართული სასტამბო შრიფტები”(1961), “ქართული სასტამბო შრიფტების ცნობარი–კატალოგი”(1965); ნაყოფიერად მოღვაწეობდა ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში; იყო საქართველოს ფუტურისტული მიმდინარეობის ერთ–ერთი ფუძემდებელი; მხატვრულად აფორმებდა წიგნებს; ავტორია მონოგრაფიებისა: “ნიკო ფიროსმანაშვილი”(1930), “გრიგოლ ტატიშვილი”(1957), “ქართული გრაფიკა”(1959); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
