გიორგი ბერიევი (ბერიაშვილი) (დ. 31 იანვარი/13 თებერვალი, 1903, თბილისი ― გ. 12 ივლისი, 1979, მოსკოვი) – ავიაკონსტრუქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1961), საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი. 1930 წელს დაამთავრა კალინინის სახელობის ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი; 1934-1968 წლებში ხელმძღვანელობდა თვითმფრინავთმშენებლობის სპეციალურ საკონსტრუქტორო ბოუროს. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ჰიდროთვითმფრინავები (მბრ-2, მრ-1, მდრ-5, მრ-7 ბე-6), რეაქტიული მფრინავი ნავები (რ-1 და ბ-10), ამფიბია თვითმფრინავები (ბე-8 და ბ-12), სახომალდე საკატაპულტე თვითმფრინავები (მე-2 და ბე-4) და სახმელეთო მსუბუქი სამგზავრო თვითმფრინავი (ბე-30). სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1947, 1968). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია მოსკოვში, კუნცევოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო გადაღებულია 2017 წლის 23 დეკემბერს, ფოტო მოგვაწოდა მოსკოვის ნეკროპოლისტთა საზოგადოებამ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით….

