ბესარიონ ქებურია (დ. 15 თებერვალი, 1870, სოფ. ქვედა ჩხოროწყუ, ჩხოროწყუს რაიონი — გ. 4 დეკემბერი, 1958,თბილისი) – მფრინავ-კონსტრუქტორი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი. 1908 წელს საკუთარი ხელით აგებს პლანერს და აფრენის ცდებს ატარებს საბურთალოს მთებიდან. 1909 წელს, როდესაც მსოფლიო მოიცვა სენსაციამ, რომ ფრანგი ავიატორი ლუი ბლერიო, საკუთარი კონსტრუქციის მონოპლანით გადაფრინდა საფრანგეთიდან ინგლისს, ბესარიონმა გაყიდა ყველაფერი, თუ რამე ებადა და შეგროვილი თანხით პარიზს გაემგზავრა. ულამაზესი მეუღლე და სამი ვაჟი მარტო დაუტოვებია. 1909 წელს საავიაციო სკოლა სულ 16-მა კაცმა დაამთავრა და 1910 წლის აგვისტოს, ბესარიონ ქებურია გახდა 209-ე მფრინავი ავიატორი. დამოუკიდებელი ფრენების შესასრულებლად აუცილებელი იყო საფრენოსნო სკოლის დამთავრება. პარიზის ლუი ბლერიოს საფერენოსნო სკოლაში სწავლას დიდი თანხა (2600 ფრანკი) სჭირდებოდა. თანაც ყოველი ავარიის ასანაზღაურებლად მოსწავლეებს აჯარიმებდნენ. გარდა ამისა, მათ აეროპლანის საყიდელი თანხაც უნდა დარჩენოდათ, ავარიები კი ხშირად იყო. ბესარიონმა პრობლემა ასე მოაგვარა: თავიდანვე შეისყიდა ბლერიოს X-ტიპის მონოპლანი (25 ცხენისძალიანი მოტორით. უფრო ძლიერი ძრავისთვის ფული არ ეყო) და სრულიად მოუმზადებელმა შეასრულა პროგრამა — რვაჯერ შემოუფრინა აეროდრომს და ზუსტად ასი მეტრი დიამეტრის წრეში დაფრინდა. 1913 წლის დამდეგს, ქებურიამ უკანასკნელად მოაწყო საჩვენებელი ფრენა ბათუმში. დიდ სიმაღლეზე ძრავა გაჩერდა და ბესარიონი პლანირებით ზღვაში დაეშვა. როცა მეზღვაურებმა მიუსწრეს, ქებურია უკვე იხრჩობოდა, მაგრამ თვითმფრინავს ხელს არ უშვებდა. მისთვის მთავარი იყო ძრავის გადარჩენა. გარდაიცვალა 1958 წელს 88 წლის ასაკში, თბილისში. დაკრძალულია ჩხოროწყუს პარკში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა შორენა ხუნტუამ.

