ალექსანდრე ბოროდინი (გედევანიშვილი) (რუს.: Александр Порфирьевич Бородин) (დ.12 ნოემბერი (სხვა წყაროებით 31 ოქტომბერი), 1833 – გ. 27 თებერვალი (სხვა წყაროებით 15 თებერვალი), 1887)
ქართული წარმოშობის რუსი ქიმიკოსი და კომპოზიტორი. თავადი ლ. გედევანიშვილის შვილი (ჩაწერილი იყო, როგორც თავადის მსახურის – პორფირი ბოროდინის შვილი). იყო “მძლავრი ჯგუფის” წევრი. განთქმულია სიმფონიებით, ორი კვარტეტით სიმებიანი საკრავებისათვის და ოპერით თავადი იგორი.
1856 წელს დაამთავრა სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. 1874-იდან სამედიცინო აკადემიური ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ქალთა უმაღლესი სასწავლებლის, ქალთა საექიმო კურსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და პედაგოგი (1872-1887). XIX ს-ის 50-იან წლებში დაიწყო რომანსების, საფორტეპიანო პიესების კამერულ-საკრავიერი ანსამბლების შექმნა. 1862 წელს გაეცნო მ. ბალაკირევის, ვ. სტასოვის და ამ წრის სხვა წევრთა გავლენით საბოლოოდ ჩამოაყალიბა მისი, როგორც მიხეილ გლინკას მიმდევრის მუსიკალურ-ესთეტიური შეხედულებანი.
ქიმიაში 40-ზე მეტი ნაშრომი აქვს. ბოროდინს ეკუთვნის ბრომჩანაცვლებული ნაჯერი კარბონმჟავების მიღების ორიგინალური ხერხი. მანვე მიიღო პირველი ფთორორგ. ნაერთი – ბენზოლის ფთორიდი (1862) აღწერა ალდოლი, ალდოლური კონდესაციის რეაქცია.
ბოროდინის შემოქმედებითი მემკვიდრეობა საკმაოდ მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს კლასიკური მუსიკის საგანძურში.

