ცეცილია წუწუნავა (დ. 12 მაისი, 1892, ოზურგეთი — გ. 5 სექტემბერი, 1956, თბილისი)
თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
სწავლა დაიწყო სოფელ გურიანთაში, განაგრძო ჯერ ოზურგეთში, შემდეგ ბათუმში, ბოლოს 1912 წელს დაამთავრა ფოთის გიმნაზია.
მისი დებიუტი შედგა ბათუმში, სადაც შეასრულა სალიხეს როლი ნინო ნაკაშიძის პიესაში „ვინ არის დამნაშავე?“.
თეატრზე შეყვარებული გოგონა იძულებული შეიქმნა ერთხანს მასწავლებლობა დაეწყო აფხაზეთში, სოფელ ტამიშში, სადაც იმ დროს დაარსდა სკოლა. 1920 წელს იგი თბილისში გადმოდის და რუსთაველის თეატრის დასში ირიცხება, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა ქართულ თეატრს.
20-იანი წლებიდანვე იწყება წუწუნავას შემოქმედებითი მოღვაწეობა ქართულ კინოში, თუმცაღა იგი პირველად მაყურებელმა იხილა უკვე 1916 წელს გადაღებულ პირველ ქართულ მხატვრულ ფილმში „ქრისტინე“, სადაც შექმნა მარინეს დასამახსოვრებელი სახე. ამას მოჰყვა შესანიშნავად შესრულებული როლები სხვა კინოფილმებში: „ვინ არის დამნაშავე“, „გიული“, „ელისო“, „დაგვიანებული სასიძო“, „ქეთო და კოტე“, „ჭრიჭინა“ და სხვები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
