დანიელ ჭონქაძე (დ. 18 მარტი, 1830, სოფ. ყვავილი, დუშეთის რაიონი — გ. 16 ივლისი, 1860, თბილისი)
ქართველი მწერალი.
საერო სასწავლებელი 1845 წელს დაამთავრა. ამავე წელს დანიელ ჭონქაძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც კარგ მოსწავლედ ითვლებოდა. თბილისის სემინარია დანიელმა წარჩინებით დაამთავრა და მალე კავკასიის სასულიერო (ქ. სტავროპოლი) დანიშნეს ოსური ენის მასწავლებლად. შემდეგ, თანახმად პირადი თხოვნისა, დანიელი გადმოიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში იმავე საგნის მასწავლებლად.
1858 წლის 1 ოქტომბრიდან დანიელ ჭონქაძე მსახურობდა სინოდის კანტორაში მაგიდის გამგედ. მისი თხოვნა, სასულიეროდან საერო წოდებაში გადარიცხვის შესახებ დააკმაყოფილეს. სიკვდილამდე მასწავლებლის თანამდებობაზე მუშაობდა. ი
დანიელ ჭონქაძე დაავადებული იყო ჭლექით. მისი ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა, რასაც ხელს უწყობდა ის ცუდი პირობები, რომელშიც მწერალი ცხოვრობდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი მუშაობით ძალიან გადაიტვირთა. გარდა იმისა, რომ ორ თანამდებობას ასრულებდა (მასწავლებლობა და მაგიდის უფროსობა), იმავე დროს ოსურ ენაზე თარგმნიდა საეკლესიო წიგნებს. რუსეთის სამეცნიერო აკადემიის მიერ დანიელს დავალებული ჰქონდა რუსულ-ოსური ლექსიკონის შედგენა.
მოთხრობა „სურამის ციხის“ ნაწილი დანიელ ჭონქაძემ გამოაქვეყნა „ცისკრის“ 1859 წლის მეთორმეტე ნომერში.
„სურამის ციხის“ გამოქვეყნების შემდეგ დანიელ ჭონქაძეს დიდხანს აღარ უცოცხლია. 1860 წელს 30 წლის ასაკში იგი გარდაიცვალა ჭლექით. ანდერძის თანახმად დანიელ ჭონქაძე დაკრძალეს თბილისში, მაშინდელი ვერის სასაფლაოზე.
