დავით ერისთავი (დ. 9 სექტემბერი [ ძვ. სტ. 28 აგვისტო], 1847, ხიდისთავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 23 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 11 ოქტომბერი], 1890, თბილისი) —მწერალი. 1867-1871 წლებში სწავლობდა ჯერ ოდესის უნივერსიტეტში, შემდეგ პეტერუირგის სამედიცინო აკადემიაში, რომელიც არ დაუსრულებია. 1871-იდან თანამშრომლობდა “დროებაში”, “ტიფლისსკი ვესტნიკსა” და “ფალანგაში”. 1882-იდან გაზეთ “კავკაზს” რედაქტორობდა. სალიტერატურო მოღვაწეობა ლექსებითა და ფელეტონებით დაიწყო. იყო “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი (1882), ქართული დრამატული საზოგადოების ერთ-ერთი ინიციატორი. ერისთავმა თარგმნა და გადმოაკეთა მრავალი დრამატული ნაწარმოები. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ისტორიულმა პიესამ “სამშობლო” (1881), რომელსაც საფუძვლად დაედო ფრანგი დრამატურგის ვიქტორიენ სარდუს ამავე სახელწოდების დრამა. სარდუს სიუჟეტი ერისთავმა ბრწყინვალედ მიუსადაგა ქართულ სინამდვილეს, პიესას ეროვნული კოლორიტი კოლორიტი შესძინა და წინაპართაგან სამშობლოსათვის თავდადება მაგალითად დაუსახა იმდროინდელ ქართველობას. “სამშობლოს” წარმოდგენამ (1882 წლის 20 იანვარს) ეროვნული მანიფესტაციის ხასიათი მიიღო. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

