დავით გურამიშვილი (დ. 1705, საგურამო — გ. 1 აგვისტო [ძვ. სტ. 21 ივლისი], 1792, მირგოროდი, უკრაინა) –
პოეტი.
სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. დაახლოებით 1727-1728 წლებში გურამიშვილი ლეკებმა შეიპყრეს და დაღესტანში, სოფ. ოსოქოლოში ჩაიყვანეს. იგი ტყვეობიდან გაიპარა და თავი შეაფარა თერგის პირას მცხოვრებ რუს ახალმოსახლეებს. 1729 წელს სოლაღ-ასტრახანის გზით ჩავიდა მოსკოვში, სადაც ვახტანგ VI-მ მას ჯაბადარბაშის თანამდებობა უბოძა. ვახტანგის გარშემო შემოკრებილ ქართველობასთან ერთად გურამიშვილი ინტენსიურ კულტურულ საქმიანობას ეწეოდა. ეს წლები მისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ფაქტობრივად აქედან იწყება გურამიშვილის ბიოგრაფია. გურამიშვილის ბედი მჭიდროდ დაუკავშირდა უკრაინასა და ქართველ ჰუსართა პოლკს. მან მამული მიიღო სამხრეთ უკრაინაში – მირგოროდსა და ზუბოვკაში. 1738-1760 წლებში მონაწილეობდა ოსმალეთის, შვეციისა და პრუსიის წინააღმდეგ რუსეთის ლაშქრობებში, თავი ისახელა ერთგულებითა და სიმამაცით.როგორც ჩანს, მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოუხერხებია. სიცოცხლის დანარჩენი წლები გურამიშვილმა უკრაინაში გაატარა. აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის ქართული ახალშენის ცხოვრებაში. მწერალმა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და 1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი ”დავითიანი” პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) გამოატანა საქართველოში, რითაც ზნეობრივი ვალი მოიხადა მშობლიური ქვეყნისა და ხალხის წინაშე. გურამიშვილის პოეტურმა მემკვიდრეობამ სწორედ ამ ერთადერთი ავტოგრაფიული კრებულის სახით მოაღწია.
დაკრძალულია მირგოროდში.

