დავით იოსელიანი (დ. 17 აგვისტო/ 30 აგვისტო, 1894, სოფელი ქვემო ხვედურეთი, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი — გ. 25 თებერვალი, 1968, თბილისი) –
ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1937), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1942).
1917 წელს დაამთავრა ქ. პეტროგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. 1918 წელს დაინიშნა ორდინატორად ქ.თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში. 1919 წელს დაიწყო მუშაობა ქ.თბილისის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე ასისტენტად. 1928-1929 წლებში მივლინებულ იქნა ლენინგრადის სამხედრო აკადემიის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე. 1931 წელს აირჩიეს ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიის დოცენტურის გამგედ. 1934-1947 წლებში ხელმძღვანელობდა ქ.თბილისის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას, ხოლო 1941-1947 წლებში იყო ამ საავადმყოფოს დირექტორი. 1936 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1937 წელს აირჩიეს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის გამგედ. ამავე წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1934-1947 წლებში განაგებდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრას. 1940 წლიდან არჩეულ იქნა ქ.თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორად. 1947 წელს აირჩიეს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგედ.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
