დავით კარიჭაშვილი (დ. 1862, სოფ. ხიდისთავი, გორის მუნიციპალიტეტი — გ. 26 ივლისი, 1927, თბილისი) —
ისტორიკოსი, მწერალი, რუსთველოლოგი.
1876 წელს დაასრულა გორის საულიერო სასწავლებელი, 1882 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარია და გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც ჩაირიცხა უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მაგრამ გამწვავებული პოლიტიკური ვითარების გამო პარიზში წავიდა, სადაც სწავლა გააგრძელა სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1885 წელს საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო ფრანგული ენის მასწავლებლობა. შემდეგ მშობლიურ ენასა და ისტორიას ასწავლიდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. ამავე დროს აქტიურად თანამშრომლობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“. 1892-1899 წლებში იყო ამ საზოგადოების გამგეობის მდივანი. შედიოდა კირიონ II-ს მიერ შექმნილ სპეციალურ კომისიაში წევრად რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ზეპირსიტყვიერების ნიმუშების ჩაწერა. 1885 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი მოთხრობები, გამოკვლევები, კრიტიკულ პუბლიცისტური წერილები. დ. კარიჭაშვილი დიდი რუდუნებით იკვლევდა საქართველოს წარსულს. მის კალამს ეკუთვნის ისტორიული ნაშრომები თამარ მეფეზე, დავით აღმაშენებელზე, ბაგრატ III-ზე , დავით კურაპალატზე და სხვა. მას ეკუთვნის აგრეთვე ცალკეული გამოკვლევები: „ქართველები უძველეს დროში“, „ქართული წიგნის ისტორია“, „ხუცური ანბანი“ და სხვა. არანაკლებ საინტერესო ნაშრომები შექმნა დ. კარიჭაშვილმა ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებზე: „ვარდბულბულიანი“, „იოსებ ზილიხანიანი“, „იონა ხელაშვილი“, „შუშანიკის წამება, — მისი ავტორი, დაწერის დრო“ და სხვა. იკვლევდა „ვეფხისტყაოსანსაც“. რუსთველოლოგიის თანამედროვე დონის მიუხედავად, მკვლევარის რამდენიმე ნაშრომი ამ დარგში, დრესაც ანგარიშგასაწევია. 1920 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა–მუზეუმის გამგე. მისი წყალობით გადარჩა ამ საზოგადოების ფონდი. 1921-1927 წლებში დ. კარიჭაშვილი თბილისის უნივერსიტეტთან არსებული სიძველეთა საცავის მცველია.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.