დავით თურდოსპირელი (ნამდვილი გვარი ჩხეიძე; დ. 6 მაისი, 1888, სოფ. ვარდისუბანი, თელავის მუნიციპალიტეტი, — გ. 23 დეკემბერი, 1948, თბილისი)
მწერალი, საზოგადო მოღვაწე, მწერალ გიორგი ქუჩიშვილის ძმა.
1911 წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია, 1915 წელს — კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1906 წელს ცალკე წიგნად გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა „თავისუფლების მსხვერპლნი“, 1913 წელს — ლექსებისა და ნოველების პირველი კრებული „სიმთა ქვითინი“. 1919-1921 წლებში არჩეული იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ თანამშრომლობდა საბჭოთა ქართულ პრესაში. მისი თაოსნობით 1927 წელს დაფუძნდა თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. თურდოსპირელის მოთხრობები რამდენიმეჯერ გამოიცა ცალკე წიგნად. მასვე ეკუთვნის საბავშვო ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „პირველი ბილიკები“ (1929), „საყმაწვილო მოთხრობები“ (1937), „საბავშვო მოთხრობები“ (1947).
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
