დევი ჩადუნელი (1981-2008) – კაპრალი, რუსეთ-საქართველოს ომის გმირი. სავალდებულო სამხედრო სამსახური ახალციხეში მოიხადა, სადაზვერვო ბრიგადაში. სამხედრო სამსახურში რვა წლის განმავლობაში იმსახურა, ერაყში სამშვიდობო მისიებშიც მონაწილეობდა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა კონტრაქტით. იგი IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ბატალიონში მსახურობდა. წინა ხაზიდან დაჭრილები გამოჰყავდა.. ამ დროს მისი ბატალიონის კაპიტანი დაიჭრა, თვითონ ჯავშანჟილეტი გაუხდია და იმისთვის მიუფარებია. ბიჭები ყვებიან, რომ წელსზემოთ შიშველი, საქართველოს სისხლიან დროშას აფრიალებდა და წინ მიგვიძღვოდაო. 9 აგვისტოს ცხინვალში, რუსული ავიაციის დაბომბვისას მძიმედ დაჭრილი, იქვე ახლოს მდებარე ტაძრის კედელთან მიმჯდარი გარდაიცვალა. დაკრძალულია ახალდაბაში.

