დიმიტრი ამილახვარი (დ. 1906, ბაზორკინო (ახლანდ. ჩერმენი), თერგის ოლქი — გ. 24 ოქტომბერი, 1942, ელ-ალამეინი, ჩრდ. ეგვიპტე) – საფრანგეთის არმიის ქართველი მოღვაწე, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი. ოჯახით ემიგრაციაში წავიდა 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისთანავე. 1926 წელს ამილახვარმა დაამთავრა სან-სირის სამხედრო სასწავლებელი. იმავე წელს დაიწყო მისი სამხედრო კარიერა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. მონაწილეობდა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებში ჩრდილოეთ აფრიკაში. გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე უცხოური ლეგიონის მაიორი დიმიტრი ამილახვარი ლონდონში ჩავიდა და შეუერთდა გენერალ შარლ დე გოლის „თავისუფალი საფრანგეთის“ არმიას. აქ მსახურისას ის მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ერითრეასა და სირიაში. ამის შედეგად მას პოლკოვნიკის ჩინი მიენიჭა. 1942 წელს ბირ-ჰაკეიმის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ის „გათავისუფლების ჯვრით“ დაჯილდოვდა. საბოლოოდ ამილახვარი დაიღუპა 1942 წლის 24 სექტემბერს, ელ-ალამეინის ბრძოლის დროს. იგი დიდი პატივით იქნა დაკრძალული ლიბიის უდაბნოში.

