დიმიტრი გედევანიშვილი (დ. 1 დეკემბერი [ძვ. სტ. 19 ნოემბერი], 1884, კირბალი, გორის მაზრა — გ. 20 დეკემბერი, 1958, თბილისი). ნიადაგთმცოდნე, პროფესორი (1930), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1943). სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1950). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1956). დაამთავრა ნოვოალექსანდრიის (პოლონეთი) სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი (1914). 1910-1912 წლებში მონაწილეობდა შორეული აღმოსავლეთის, აზიისა და ამიერკავკასიის ნიადაგების გამომკვლევ ექსპედიციებში, რომლებსაც აკადემიკოსი კონსტანტინე გლინკა ხელმძღვანელობდა. იყო ნიადაგთმცოდნეობისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის გამგე თსუ-ში (1919-1929) და ერთდროულად (1921-1924) — თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1929 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ნიადგთმცოდნეობის კათედრას. გედევანიშვილმა გამოიკვლია საქართველოს მევენახეობისა და მეჩაიეობის რაიონები, აგრეთვე კოლხეთის დაბლობის ნიადაგები. მისი ხელმძღვანელობით შედგა საქართველოს ნიადაგების რუკები. დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონის შესასვლელში.

