დიმიტრი უზნაძე (დ. 20 დეკემბერი, 1886, სოფელი ქვედა საქარა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 9 ოქტომბერი, 1950, თბილისი) – ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ერთ-ერთი დამფუძნებელი (1918), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946), ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1918). 1904 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო 1909 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. იმავე წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი დაიცვა ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში (გერმანია). 1913 წელს უზნაძემ ექსტერნის წესით დაასრულა ხარკოვის უნივერსიტეტის (უკრაინა) ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის განხრით. 1909-1918 წლებში უზნაძე მსოფლიო ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1917 წელს მან ქუთაისში გამოსცა მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელო. 1917-1918 წლებში იყო თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. 1918 წელს გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან ერთად აფუძნებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. 1918-1950 წლებში იყო ამ უნივერსიტეტის პროფესორი და მის მიერვე დაარსებული ფსიქოლოგიის კათედრის გამგე იყ. 1935 წელს მას დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1941 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა საქართველოში ფსიქოლოგიის დარგის პირველი სამეცნიერო დაწესებულება – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი, რომელიც 1943 წელს გარდაიქმნა ფსიქოლოგიის ინსტიტუტად. როგორც სექტორის, ისე ინსტიტუტის დირექტორი იყო დიმიტრი უზნაძე. დიმიტრი უზნაძე გარდაიცვალა 1950 წელს, 63 წლის ასაკში. დაკრძალულია თსუ-ის ეზო-პანთეონში.

