დოდო აბაშიძე (დ. 1 მაისი, 1924, თბილისი — გ. 26 იანვარი, 1990) –
მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1967).
დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (1949) და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. განასახიერა გოდუნის (ლავრენიოვის „რღვევა”), გიორგის (ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი”), როლერის (შილერის „ყაჩაღები”) და სხვა როლები. 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში”. შექმნა ბიჭიკოს („ჭრიჭინა”, 1954), აბდუშაჰილის („ბაში-აჩუკი”, 1956), დღვირის („თეთრი ქარავანი”, 1963), ალუდას („ხევსურული ბალადა”, 1965), ომარის („მაცი ხვიტია”, 1966), სოსანის („დიდი მწვანე ველი”, 1967), ალექსანდრეს („სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, 1969; პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, მინსკის საკავშირო კინოფესტივალი, 1970), მამამზე ერისთავის („დიდოსტატის მარჯვენა”, 1970) და სხვა სახეები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია სიმონ კლდიაშვილი (დ. 2 თებერვალი, 1865, ქუთაისი — გ. 26 მაისი, 1920, თბილისი) – არქიტექტორი. 1899 წელს შეადგინა თბილისის სათავადაზნაურო სკოლის (ქართული გიმნაზიის – ახლანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი) შენობის პროექტი და 1906 წლამდე ხელმძღვანელობდა მის მშენებლობას; მის გვერდით დასაფლავებულია მისი და — ნინო (ნუცა) კლდიაშვილი (დ. 1869 — გ. 4 აპრილი, 1942, თბილისი).

