ედიშერ ხოშტარია-ბროსე (დ. 5 მარტი 1927, — გ. 2005)
ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001).
დაიბადა ფრანგი ქართველოლოგის მარი ბროსეს შვილიშვილის, საზოგადო მოღვაწის ვიქტორ ბროსესა და მწერალ მარიკა ხოშტარიას ოჯახში. მამა 1937 წ. რეპრესიების დროს დაუხვრიტეს. შემდგომმა დევნამ აიძულა გვარი გამოეცვალა; ორმაგი გვარი ხოშტარია-ბროსე 1984 წ. აღიდგინა.
1949 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი (1956-1962) და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1962-1972). კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში განყოფილების გამგე (1972-1983), დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში (1983-1999) და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. იკვლევდა კაპიტალიზმის ისტორიას, შუა საუკუნეების ისტორიას (მთის პრობლემები, აფხაზების წარმოშობა და სხვ.), „ქართლის ცხოვრებასა“ და სხვ.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

