ედუარდ შევარდნაძე (დ. 25 იანვარი, 1928, მამათი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 7 ივლისი, 2014, თბილისი) – პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი. 1985 წელს შევარდნაძე სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 1990 წელს იგი გადადგა. 1991 წელს მიხეილ გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა მინისტრის პოსტს. 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი, 1992-1995 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე. მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში. 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯეიმზ ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა აშშ-სათვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით. 1992 წელს საპარლამენტო არჩევნებით მოხდა შევარდნაძის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია. ის აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარედ. შევარდნაძე პარლამენტს თავმჯდომარეობდა 1995 წლამდე. ამავე წლებში ის იყო თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 1993-1995 წლებში თავმჯდომარეობდა საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც მოამზადა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის პროექტი. მისი ინიციატივით საქართველო შევიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) 1993 წელს. 1995 წელს შექმნა პარტია — საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, რომელიც წამყვანი პარტია გახდა საქართველოში 1995-2002 წლებში.ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა 2014 წლის 7 ივლისს, 86 წლის ასაკში. დაკრძალულია კრწანისის რეზიდენციაში.

