ეგნატე ნინოშვილი (ინგოროყვა)(დ. 17 თებერვალი, 1859, ყელა ― გ. 12 მაისი, 1894, ჩანჩეთი) – მწერალი. 1879 წელს ჩოჩხათის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1882 – 1883 წლებში იგი ტელეგრაფისტად მუშაობდა სადგურ სუფსაში, ხოლო 1884 წლის ზამთარში, თბილისში, არსენ კალანდაძის სტამბაში დაიწყო მუშაობა ასოთამწყობად. ხელფასი აქაც იმდენად მცირე ჰქონდა, რომ სასმელ-საჭმელზეც არ ჰყოფნიდა. მალე თავი დაანება ამ სამუშაოსაც და კვლავ გურიაში გაემგზავრა. 1885 წელი სოფლად გაატარა, წუხდა, რომ წიგნები და ჟურნალ-გაზეთები მისთვის ხელმიუწვდომელი იყო. 1886 წელს მან მუშაობა დაიწყო სოფლის სასამართლოში მწერლის თანამდებობაზე, ხოლო ექვსი თვის მუშაობის შემდეგ, იმავე წლის 26 ნოემბერს, ამხანაგების ფულადი დახმარებით გაემგზავრა საფრანგეთში. ეგნატე ნინოშვილის სამწერლო მოღვაწეობა სულ შვიდიოდე წლით (1887 – 1894) შემოიფარგლა. ქართული ლიტერატურის ისტორიაში იშვიათი შემთხვევაა, რომ მწერალს ასე მცირე დროში იმდენი მხატვრული ნაწარმოები შეექმნას, რამდენიც შექმნა ეგნატე ნინოშვილმა. გარდაიცვალა 1894 წლის 12 მაისს, 35 წლის ასაკში. მწერლის დაკრძალვის დღეს, სოფელ ჩანჩეთის სასაფლაოზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის გიდმა ქალბატონმა მაყვალა მურვანიძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.


