ელიზბარ უბილავა (დ. 23 ივნისი, 1917, სოფ. ჭალა, ზუგდიდის მაზრა — გ. 29 აპრილი, 1997, თბილისი) – მწერალი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი (1979). 1935 წელს შევიდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე; შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1940 წელს დაასრულა. მისი პირველი ლექსი „ზამთარი“ გამოქვეყნდა 1934 წელს, „ლიტერატურულ გაზეთში“. 1940 წელს ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნდა უბილავას ერთ-ერთი პირველი მოთხრობა მისი პირველი წიგნი გამოვიდა 1949 წელს. გამოცემული აქვს 30-ზე მეტი წიგნი. ეწეოდა ნაყოფიერ საზოგადო მოღვაწეობას, გამორჩეული წვილი შეიტანა საბავშვო წიგნის გამოცემისა და პოპულარიზაციის საქმეში, როგორც გამომცემლობა „ნაკადულის“ რედაქტორმა და ალმანახ „საყმაწვილო ლიტერატურის“ მთავარმა რედაქტორმა; ამ უკანასკნელი ალმანახის ერთ-ერთი ფუძემდებელი თავადვე იყო. ელიზბარ უბილავა ჟურნალისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრად. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. წმ. გიორგის ეკლესიასთან მისვლამდე, მარცხენა მხარეს.



