ემანუელ აფხაიძე (დ. 17 აგვისტო/29 აგვისტო, 1899, ქუთაისი — გ. 8 სექტემბერი, 1970, თბილისი) – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1946). 1917 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სუფლიორად ქუთაისის თეატრში, შემდეგ მსახიობად ბათუმის (1921-1923), ქუთაისის (1923-1924) და 1924 წლიდან თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრში. 1926 წელს დაამთავრა დრამატული სტუდია. აფხაიძე კომედიური ჟანრის მსახიობი იყო. აფხაიძემ გარკვეული წვლილი შეიტანა ქართულ საესტრადო ხელოვნებაში – კითხულობდა საკუთარ იუმორისტულ-სატირულ ლექსებს. მონაწილეობდა აგრეთვე ქართულ კინოფილმებში („სურამის ციხე”, „ნარინჯის ველი”, „დაკარგული სამოთხე”, „ფიცი”, „გიორგი სააკაძე”, „ჭრიჭინა”, „მაია წყნეთლი”, „განაჩენი”, „დღე უკანასკენლი, დღე პირველი”). შეასრულა ს. ორჯონიკიძის როლი „მოსფილმის” სურათში „სექტემბრის ღამე”. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

