ენვერ ხაბაძე (1923-2001) – საქართველოს სახალხო არტისტი. 1946 წელს ენვერ ხაბაძემ პირველად დადგა სცენაზე და ქორეოგრაფიულ სამყაროს გააცნო აჭარული სატრფიალო ცეკვა, სახელიც თავად შეურჩია და „განდაგანა“ უწოდა. მანვე ქართულ რეპერტუარში დაამკვიდრა დიდებული ცეკვები „გადახვეული ხორუმი“ და „ოჰოი-ნანო“. 1947 წელს კი ენვერ ხაბაძემ შექმნა „ლაზ მეთევზეთა ცეკვა“, იგივე „ლაზური“, როგორც მას უფრო ხშირად უწოდებენ. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სწორედ ენვერ ხაბაძემ დაამკვიდრა ქალის ცეკვა აღნიშნულ ქორეოგრფიულ ნიმუშებში. 1948 წელს ენვერ ხაბაძემ საქართველოს ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში დადგა „გადახვეული ხორუმი“ და „ლაზური“, 1966 წელს კი აქვე „ხორუმის“ დადგმა განახორციელა. აღსანიშნავია, ისიც რომ ენვერ ხაბაძემ ქორეოგრაფიის მუსიკალურ ნაწილში პირველად შემოიტანა ჭიბონის ხმოვანება. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

