ევგენი ხარაძე (1907, თბილისი — გ. 10 ოქტომბერი 2001, თბილისი) – ასტრონომი. საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1984), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1972-1977), პრეზიდენტი (1978-1986). საქართველოსა და სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის დამსახურებული მოღვაწე. 1991 წლის 9 აპრილს ხელიმოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 1959 წლის მარტიდან 1966 წლის მარტამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1930 წელს. სხვადასხვა წლებში, მრავალი წლის განმავლობაში, ეკავა არაერთი საპასუხისმგებლო პოსტი. 1932-1992 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამაარსებელი და მისი უცვლელი ხელმძღვანელი; 1936 წლიდან — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიული საბჭოს ბიუროს წევრი; 1962-1974 წლებში — ვარსკვლავთა ასტრონომიის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე; 1976-1982 წლებში — საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი; 1965-1970 წლებში — საკავშირო ასტრონომიულ-გეოდეზიური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

