კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ფელიქს ვარლამიშვილი (დ. 1903, — გ. 6 თებერვალი, 1986) – მხატვარი. დაიბადა ქუთაისში 1903 წელს. 1912 წელს ქუთაისის რეალურ სასწავლებელში შევიდა, 1920 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1922 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსებისთანავე ახლადგახსნილ სამხატვრო აკადემიაში გადავიდა. 20-იან წლებში მისი ნამუშევრები გამოიფინა თბილისსა და ქუთაისში.  სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ფელიქს ვარლამიშვილმა თბილისში დაარსა საკუთარი სამხატვრო სკოლა. 1928 წელს აკადემიის თანაკურსელ ლუკა ხითარიშვილთან ერთად ცოდნის გასაღრმავებლად, საზღვარგარეთ გაემგზავრა. რამდენიმე თვე სტამბოლში გაატარა. 1929 წელს პარიზში ჩავიდა და მონპარნასზე დასახლდა. პარიზში რამდენიმე წელი სიეჟელის ატელიეში მუშაობდა, სადაც ქმნიდა დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს. 1933 წელს მისი ნახატები პირველად გამოიფინა პარიზში „სპერანცას” გალერეაში. 1948 წელს არგენტინაში გაემგზავრა, სადაც ფელიქს ვარლას თავდაპირველად დეკორატიულ დარგში დაუწყია მუშაობა. ძირითადად ხატავდა პანოებს ხალიჩებისათვის, იმავდროულად მუშაობდა სურათების შექმნაზე. 1950 წელს ბუენოს–აირესში მოეწყო მისი გამოფენა, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. 1952 წელს პარიზში დაბრუნდა და მონპარნასზე, დაგერის ქუჩაზე ცხოვრობდა. 1986 წლის 6 თებერვალს ფელიქს ვარლამიშვილი პარიზში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი დაწვეს და ფერფლი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ბატონმა როსტომ ბერიძემ, რისთვისაც ვუხდით უღრმეს მადლობას.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments