კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ფორე მოსულიშვილი (დ. 20 ივლისი 1916, ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი — გ. 3 დეკემბერი 1944, სოფ. ლესა, ნოვარა, დასაფლავებულია ქ. არონაში, ჩრდილოეთ იტალია) –
ქართველი, ოქროს მედლის „მხედრული მამაცობისათვის“ კავალერი, იტალიის ეროვნული გმირი (1970), საბჭოთა კავშირის გმირი (1990).
ნაცისტებმა გადაწყვიტეს გაენადგურებინათ პარტიზანები და ფართომაშტაბიანი შეტევა განახორციელეს გარიბალდის 118-ე „რემო სერვადეის” ბრიგადაზე, რომელიც დაიშალა მცირე დანაყოფებად და ისე განაგრძო ვაფენ-სს-ის მეთექვსმეტე მოტორიზებულ დივიზია „რაიხსფიურერ სს“-ის (მეთაურო – სს-ის ობერფიურერი ოტო ბაუმი) შენაერთებთან ბრძოლა, რაც სავსებით შეესაბამებოდა პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას. 1944 წლის 3 დეკემბრის გამთენიისას სოფელ კოლონიას ბოლოს, „მოტტა როსსა“-ს გორაკზე მდებარე ერთ „ბაიტაში“ (ბაიტა — იტალიურად, მწყემსების ქოხი, უდუღაბოდ ნაშენი) ღამის გასათევად შეფარებული პარტიზანული ქვედანაყოფი „არმანდო“ დივიზია „რაიხსფიურერ სს“-ის სამასკაციანი დაჯგუფების ალყაში აღმოჩნდა. პარტიზანულ ქვედანაყოფ „არმანდოში“ იმჟამად მყოფი ჩვიდმეტი პარტიზანიდან შვიდი ქართველი იყო. გააფთრებულ შეტაკებაში ბევრი გერმანელი დაიღუპა, მაგრამ პარტიზანებიდან ფორე და კიდევ ორი კაცი დაიჭრა, ამასთან ვაზნებიც შემოელიათ. ფაშისტები მეთაურის დანებებას მოითხოვდნენ, დანარჩენებს კი სიცოცხლის შენარჩუნებას პირდებოდნენ. მარიო ძინონი იხსენებს: „ერთმანეთს გადავხდეთ, ვერც რაზმის მეთაური ედო დელ გრატა და ვერცერთი ჩვენთაგანი ადგილიდან დაძვრას ვერ ვბედავდით. გერმანელებთან გასვლა წამებით სიკვდილს ნიშნავდა. როცა ჩვენს დახოცვამდე, ალბათ, წამები იყო დარჩენილი, სისხლით შეღებილი ფორე მოსულიშვილი კართან მივიდა, გამოაღო და გერმანელებს შესძახა: „მეთაური მე ვარ, თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია! გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს თავისუფლებას!“ და თავი მოიკლა. მისმა თავგანწირვამ თექვსმეტ კაცს შეგვინარჩუნა სიცოცხლე…“ იტალიის მთავრობამ სათანადოდ დააფასა ფორე მოსულიშვილის თავგანწირვა და 1970 წლის 28 თებერვალს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯუზეპე სარაგატიმ ხელი მოაწერა დეკრეტს ფორე ნიკოლოზის ძე მოსულიშვილის სიკვდილის შემდგომ ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი – ოქროს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ (d’Oro al Valor Militare alla Memoria). ფიოდორ პოლეტაევთან ერთად ფორე მოსულიშვილი მეორე უცხოელია, რომელიც იტალიამ თავის ეროვნულ გმირად აღიარა.
საფლავის ფოტო აღებულია გვერდიდან Georgia for Friends.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments