კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გაბრიელი (ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე; დ. 15 ნოემბერი, 1825, სოფელი ბახვი, ოზურგეთის მაზრა — გ. 25 იანვარი, 1896, ქუთაისი) –
სასულიერო მოღვაწე, მეცნიერი და პედაგოგი, იმერეთის ეპისკოპოსი 1860-1896 წლებში.
839 წელს დაამთავრა თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სემინარიაში. 1842 წელს შევიდა ფსკოვის სასულიერო სემინარიაში. 1845 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია, ხოლო 1849 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემია. პეტერბურგში მყოფი გაბრიელ ქიქოძე საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ისა და მარიამ დედოფლის ვაჟიშვილმა, მიხეილ ბატონიშვილმა შეიკედლა. 1851 წელს, პეტერბურგის სასულიერო აკადემია მას უგზავნის სათანადო დიპლომს — მაგისტრის სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შესახებ. 1854 წელს იგი მღვდლად აკურთხეს. ამის შემდეგ, 1854-1858 წლებში გაბრიელი მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას. პარალელურად მუშაობდა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1856 წელს ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი) ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი — გაბრიელი. 1858 წლის 5 იანვარს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად. იმავე წლის 6 დეკემბერს გაბრიელი ხელდასხმულ იქნა გორის ეპისკოპოსად და საქართველოს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად. ამასთანავე იგი ინიშნება ქართლ-კახეთის უწმინდესი სინოდის წევრად და შუამთის მონასტრის არქიმანდრიტად. 1860 წელს იგი იმერეთის ეპისკოპოსად დაინიშნა და ამ მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე. სხვადასხვა პერიოდში მართავდა აფხაზეთისა (1869-1886) და სამეგრელო-სვანეთის (1873-1886) ეპარქიებს.
გაბრიელ ეპისკოპოსი აღესრულა 1896 წლის 26 იანვარს, 71 წლის ასაკში. ქართველი ერი მას 46 დღე ემშვიდობებოდა.
1896 წლის 10 მარტს, მისი ნეშტი გელათის ღვთისმშობლის ეკლესიას მიაბარეს.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments