გეიდარ ფალავანდიშვილი (1937-2012) – მსახიობი, დამსახურებული მშენებელი – საინჟინრო აკადემიების ნამდვილი წევრი. 1955 წელს დაამთავრა თბილისის #1 ვაჟთა საშუალო სკოლა, 1963 წელს – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ “ჰიდროპროექტში”. აღნიშნულ ინსტიტუტში, იგი წლების მანძილზე მონაწილეობდა რესპუბლიკისათვის მეტად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტების პროექტირებაში. 1970 წლიდან იგი მუშაობას იწყებს საპროექტო ინსტიტუტ “საქწყალპროექტში” ჯგუფის ხელმძღვანელად, შემდგომ მას აწინაურებენ განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 1980 წელს გ. ფალავანდიშვილი “საქწყალპროექტის”დირექტორის თანამდებობაზე ინიშნება. 1982, 1984 და 1989 წლებში იგი ხელმძღვანელობდა წყალსამეურნეო ობიექტების დაპროექტებას სირიის არაბთა რესპუბლიკაში. 1990 წლიდან მუშაობდა სააქციო საზოგადოება “საქწყალპროექტის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. ამ ხნის მანძილზე იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოს რესპუბლიკის მელიორაციული და წყალსამეურნეო რესურსების გამოყენების სქემების დამუშავებას და პროექტირებას. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

