კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ჯორჯ კობი (გრიგოლ კობახიძე) (1883-1967) – მრეწველი, გამომგონებელი. 1883 წელს რაჭის სოფელ თხმორში დაბადებულმა კაცმა ხიფათითა და დაბრკოლებებით სავსე გზა განვლო ყოფილი რუსეთის იმპერიისა და გერმანიის სივრცეებში, შემდეგ ა.შ.შ.–ში 9 წელი მუშაობდა „ჯენერალ ელექტრონიკის“ საზოგადოებაში და საკუთარი საქმის წამოსაწყებად ფულს აგროვებდა. რამდენიმე პატენტი მოიპოვა ავტომატურ საწერ კალმებზე. ააწყო მცირე ბიზნესი – ავტოკალმებითა და საკანცელარიო მასალებით. ბოლოს, 1919 წელს საკუთარი ქარხანა გამართა მასაჩუსეტში. 1922 წლიდან ფეხზე დააყენა თავისი საწარმო, რომელიც მას შემდეგ ფუნქციონირებს Coby Glass Products Company-ს სახელით. კომპანიის სახელ–დიდებას ზრდიდა მისი მოთავის მიერ დანერგილი სამოცდაათამდე უნიკალური პატენტი. კობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოგონება – წყალგამძლე ცემენტი და ზემდგრადი მინა-ბლოკი ფლორიდას უკავშირდება. ქართველ ქიმიკოსს კარგა ხნის განმავლობაში უწევდა იქ ყოფნა და ხედავდა: ტროპიკულ, ტენიან ჰავას ვერც აგური უძლებდა და ვერც ხე – ყველაფერი ძალიან მალე ფუჭდებოდა და ხელახლა გასაკეთებელი ხდებოდა. ჯორჯ კობიმ სულ რამდენიმე წელიწადში გამოიგონა ცემენტი, რომელსაც ტენი ვერას აკლებდა; აგურის შედგენილობაშიც მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა და შექმნა მინა-ბლოკი, რომელიც შენობის გარედან მოსაპირკეთებლად იყო განსაზღვრული და მზის შუქს ირეკლავდა. ამ გამოგონებებმა ამერიკის მრეწველობაში გადატრიალება მოახდინა და მოგვიანებით -30-იან წლებში, პირველი ცათამბჯენების აშენებისას, ფართოდ დაინერგა. ჯორჯ კობი ამის წყალობით ძალიან გამდიდრდა და მულტიმილიონერად იქცა. პირველი, რაც მან ამის შემდგომ გააკეთა, სათამაშოების მაღაზიისა და უპოვართათვის სასადილოების ქსელის გახსნა იყო. 1925 წელს ქართველი ქიმიკოსი ამერიკის უმდიდრეს ადამიანად მეოთხედ დაასახელეს – იმ დროისათვის ეს საოცრება იყო. ჯორჯ კობი ერთხმად, ამერიკის ქიმიური მრეწველობის მეფედ აღიარეს. 40–იან წლებში კობის კომპანია საველე ჰოსპიტლებისა და რიგითი საავადმყოფოების თვის აუცილებელ პროდუქციას აწარმოებდა. ომის დამთავრების შემდეგ – საშობაო ნაძვის ხის სათამაშოებზე გადაერთო. მან შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები, რომლებმაც შეცვალეს ხანძარსაშიში ნამდვილი სანთლები, რომლებსაც მანამდე ანთებდნენ ნაძვის ხეებზე ამერიკელები. „კობი – ეს შობაა“ – ეწერა ნაძვის ხის სათამაშოებზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments