გიგა ოთხოზორია (1985-2016) – 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით 14:15 საათზე, გიგა ოთხოზორიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი ოპელ-ასტრას მოდელის ავტომანქანით ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ ახლობლის დაკრძალვისთვის შეძენილი პროდუქტის გადატანა. ათი დახმარების მიზნით გიგა ოთხოზორია მდინარე ხაიაზე არსებული ხიდით ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გაემართა, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რათა მის ნაცნობებს პროდუქტის გადატანაში დახმარებოდნენ. საუბარში ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი აფხაზეთის არაკანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ, მათ შორის ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი. საუბარი შელაპარაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიგა ოთხოზორია საქართველოს კონტროლირებად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას ტერიტორიისკენ გაემართა. მას მუქარით, უკან დაედევნენ აფხაზეთის არაკანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული რაშიდ კანჯი-ოღლი. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, უკვე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას ტერიტორიაზე რაშიდ კანჯი-ოღლი დაეწია გიგა ოთხოზორიას და განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში ესროლა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია ძირს დაეცა, ხოლო კანჯი-ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით მიაყენა დაზიანება, შემდეგ კი თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაკრძალულია ზუგდიდის სასაფლაოზე.

