გრიგოლ (გიგო) რცხილაძე (დ. 1876, სოფ. ფანიანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი — გ. 1934, თბილისი) –
იურისტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ადრევე ჩაება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში; მოგვიანებით, როგორც სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი, დაპატიმრებული იყო მეტეხის ციხეში. 1906-1907 წლებში იგი რედაქტორობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთს „მეგობარს“, 1909-1914 წლებში „სახალხო გაზეთის“ თანარედაქტორია. იყო აგრეთვე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, უნივერსიტეტის დაარსების საზოგადოების გამგეობის წევრი, შემდეგ იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ბოლო წლებში მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში იურისკონსულად. 1923 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა სამოქალაქო სამართლის კურსს. ამ დარგში აქვს გამოკვლევები და თეორიული ხასიათის წერილები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

