გიორგი (გიგო) ტარსაიძე (დ. 8 ივლისი 1857, სოფ. ბერშუეთი, გორის მაზრა — გ. 24 დეკემბერი, 1904, თბილისი)
ქართველი ექიმი, ოფთალმოლოგი (პირველი ქართველი ევროპულად დიპლომირებული), კავკასიის ექიმთა საზოგადოების წევრი.
1879 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ერთხანს მუშაობდა რაჭაში. 1881 წელს დაბრუნდა ხარკოვში, წარჩინებით დაიცვა სადიპლომო ნამუშევარი. 1882-88 წლებში, იქვე ორდინატორად მუშაობდა თვალის ქირურგ პროფესორ ლეონარდ ჰირშმანთან . 1888 წელს დაბრუნდა საქართვლოში და მუშაობა დაიწყო თბილისის “1864 წლის 4 აპრილის სახელობის სამკურნალოში”.
გიორგი ტარსაიძე იყო პირველი ქართველი ექიმი რომლის ძირითადი პროფესია ოფთალმოლოგობა იყო. 1892 წელს გიორგი ტარსაიძის თაოსნობით თბილისში გაიხსნა თვალის სნეულებათა საქველმოქმედო საავადმყოფო (რუსეთის იმპერიის მაშტაბით რიგით მესამე, მოსკოვისა და პეტერბურგის კლინიკების შემდეგ), რომლის დირექტორიც თავად იყო გარდაცვალებამდე.
მისმა პროფესიონალიზმა საწინდარი ჩაუყარა ქართული ოფთალმოლოგიური სკოლის შემდგომი თაობების სიძლიერეს. ტარსაიძის მოსწავლეები იყვნენ, შემდგომში ცნობილი ოფთალმოლოგები: ვახტანგ მუსხელიშვილი, ალექსანდრე შატილოვი, კ.თოფურიძე. ტარსაიძის უშუალო ხელმძღვანელობითა და ინიციატივით საქართველოს მაზრებსა და რაიონებში ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდნენ ე. წ. “თვალის მფრინავი რაზმები”.
გიორგი ტარსაიძე არის ევროპული ტიპის ქართული ოფთალმოლოგიური სკოლის ფუძემდებელი.
დასაფლავებულია ვერის სასაფლაოზე.

